ლევან მჭედლიძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ყველაფერი მის ხელშია, ინტელექტუალი ბიჭია - მჭედლიძემ გოგლიჩიძეზე ისაუბრა

„ემპოლის’’ ყოფილმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ La Nazione-სთან ინტერვიუში საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა, რომელმაც გასულ ზამთარში ქუთაისის „ტორპედო’’ დატოვა და „ემპოლისთან’’ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლევან მჭედლიძე: „საბა „ემპოლიში’’ ძალიან ბედნიერია. იცის რომ ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს განვითარებისთვის და შემდეგ ითამაშოს. დიდი ენთუზიაზმი აქვს, ქალაქში თავს კარგად გრძნობს’’.

კითხვა: „მიეცით მას რაიმე რჩევა?’’

ლევან მჭედლიძე: „მან სხვებზე მეტი უნდა იმუშაოს, ყველაფერი მის ხელშია. მას თვენახევარი გაუცდა, რადგან საქართველოს ჩემპიონატი დეკემბრის დასაწყისში დასრულდა. ახლა ფიტნესის აღდგენა სჭირდება, მაგრამ ის ინტელექტუალი ბიჭია, პროფესიონალია. უფრო მეტიც, ფიზიკურად ძლიერია და სერია A-ში თამაშისთვის ყველაფერი აქვს’’.

საბა გოგლიჩიძე სერია A-ს ბოლო ექვს შეხვედრაში „ემპოლის'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა იტალიურ კლუბში მისი დებიუტი არ შემდგარა. 19 წლის მცველმა ერთი მატჩი 19-წლამდე გუნდში „ინტერის'' ასაკობრივ გუნდთან ჩაატარა, მისი გუნდი შინ 1:2 დამარცხდა. ასევე გეტყვით რომ „ემპოლის'' 19-წლამდე გუნდს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ალესანდრო ბირინდელი წვრთნის.

საბას საქართველოს 18, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში 4 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ მაკედონიასთან შეხვედრა გამოტოვა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მსგავსი სიახლეები