„ძალიან ბედნიერი ვარ, არაფერი დავთმეთ“ | არველაძე გალას გაგდების შემდეგ
შოთა არველაძის „ქარაგიუმრუქი“ თურქეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში, ქართველი სპეციალისტის გუნდმა დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და ასპარეზობას „გალათასარაი“ გამოთიშა.
„ქარაგიუმრუქი“ მე-6 წუთზე დაწინაურდა და თავი მარკაუმ გამოიჩინა, 84-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში რაიან მენდესმა დააფიქსირა - 2:0. „გალასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, არველაძემ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და „ქარაგიუმრუქის“ მოთამაშეები შეაქო.
„ჩემს ფეხბურთელებს ამ წარმატებას ვულოცავ, ძალიან ბედნიერი ვარ. სათამაშო სქემას პირველიდან ბოლო წუთამდე მიჰყვნენ და დისციპლინა გამოიჩინეს. მეტოქეს საქმე მაქსიმალურად გავურთულეთ და ჩვენმა მცველებმა და მეკარემ კარგად იასპარეზეს. არაფერი დავთმეთ და შემდეგ მომენტი მივიღეთ, რომელიც გამოვიყენეთ.
თურქეთის თასისკენ მიმავალ გზას ვაგრძელებთ და ვნახოთ, რა მოხდება. ყოველთვის, როცა ტრაბზონში (ნახევარფინალში ტრაბზონსპორს ხვდებიან) ჩავდივარ, განსაკუთრებული შეგრძნება მეუფლება. სულერთია, ეს მწვრთნელის, ქომაგის თუ ტურისტის სტატუსით ხდება. რაც არ უნდა მოხდეს, ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, ტრაბზონსპორთან გასამართი შეხვედრა კარგად ჩაივლის“.
ცნობისთვის, არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 მარტს, სტუმრად „ადანა დემირსფორთან“ გამართავს. „ქარაგიუმრუქი“ ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ, 29 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ.