„ილია ცხოველია, ძალიან მაგარია“ | რა თქვა ყოფილმა ჩემპიონმა თოფურია-ვოლკის ჩხუბზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რობერტ უიტეკერი ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო ბრძოლას გამოეხმაურა. უიტეკერმა „ელ მატადორი“ შეაქო, მას ცხოველი უწოდა და განაცხადა, რომ ილია ძალიან კარგი მებრძოლია.
„ვოლკანოვსკიმ მძიმედ წააგო და ილია ნამდვილი ცხოველია. ძალიან მაგარია, ყოველთვის ვამბობდი, რომ ძლიერი ხელები ჰქონდა და არ ვიცი, მსოფლიომ ნახა თუ არა, მაგრამ ჭიდაობითა და ჯიუ-ჯიცუთიც გამოირჩევა. ვოლკი ფეხით დარტყმებს მშვენივრად იყენებდა და სწორ კუთხეებს არჩევდა, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თოფურია მის ძალას (დამანოკაუტებელ ძალას გულისხმობს) პატივს არ სცემდა. როცა მეტოქეები ალექსის ძალას პატივს სცემენ, მას შეუძლია, დისტანცია, ბრძოლის ტემპი და მიმდინარეობა იდეალურად გააკონტროლოს. ასეთ შემთხვევებში, ვოლკი წარმატებას აღწევს, ილიასთან კი ეს არ გამოუვიდა.
თოფურიამ ზეწოლა არ შეწყვიტა და არც ერთი წამით უჩვენებია, რომ მის ძალას პატივს სცემდა. ილიას უძლიერესი დარტყმები აქვს. ვოლკანოვსკის ყბა სუსტი ნამდვილად არაა და თოფურიამ მაგარი ნოკაუტით მოიგო. ილია ახლო დისტანციაზე ძალიან, ძალიან მაგარია. მას გამარჯვებას ვულოცავ და შესაძლოა, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ახალი ეპოქა დაიწყო, მაგრამ არ შეიძლება ისე საუბარი, თითქოს ვოლკანოვსკის კარიერა დასრულებულია. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონზეა ლაპარაკი და მისი ჩამოწერა არ შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ უიტეკერმა საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2019 წელს დაკარგა და ისრაელ ადესანიასთან დამარცხდა. ახალმა ზელანდიელმა მებრძოლმა ბოლოს პაულო კოსტასთან იჩხუბა და ბრაზილიელს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.