გოლები, დომინაცია და ერთი დეტალი | კალცონას შეძახილები კვარასა და ოსიმენის მისამართით
იტალიის სერია A-ს გადადებული ტურის შეხვედრაში, „ნაპოლი“ „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ „ნეროვერდი“ 6:1 გაანადგურა და ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
„ნაპოლის“ ბრწყინვალე გამოსვლასა და „კვარას“ საოცარ ასპარეზობას ბევრი იტალიური გამოცემა გამოეხმაურა. „სასუოლოსთან“ გამართული მატჩი ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს ყურადღების ცენტრშიც მოექცა და საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.
„გამარჯვება, რომელიც როგორღაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ოცნებას აძლიერებს. ოთხეული შორსაა, მაგრამ ძალიან შორს არაა. გოლები, დომინაცია და კიდევ ერთი დეტალი: კალცონას შეძახილები ოსიმენისა და კვარაცხელიას მისამართით, როცა მათ თანაგუნდელების არაზუსტი პასების გამო, უკმაყოფილება გამოხატეს. „არა, შეწყვიტეთ!“, - უთხრა კალცონამ მათ და ნაპოლის თავკაცის თქმით, ეს ტრიუმფი „ჩვენი“ იყო“, - წერს Il Mattino.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ Whoscored-მა ხვიჩა სერია A-ს თებერვლის თვის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. Whoscored-მა თებერვალში „კვარას“ მიერ ნაჩვენები თამაში 8.21 ქულით შეაფასა და ტოპ 11-ში ეს საუკეთესო მაჩვენებელია.