ბრაზილიაში დანი ალვეშის ძეგლი დააზიანეს
გაუპატიურების ბრალდებით დაპატიმრებული დანი ალვეშის ძეგლი მის მშობლიურ ქალაქ ჟუაზეირაში დააზიანეს.
ვანდალებმა ლეგენდარული ბრაზილიელის ქანდაკებას საღებავები წაუსვეს. მას შემდეგ რაც ალვეშის ბრალეულობა დამტკიცდა და მას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ბაიას შტატის მაცხოვრებლები მისი მონუმენტის დემონტაჟს ითხოვენ.
საამისოდ პეტიციაზე ხელმოწერები უკვე მიმდინარეობს და აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი უმრავლესობისთვის მოძალადეა და ის ბავშვებისთვის სამაგალითო ადამიანად აღარ უნდა ითვლებოდეს.
ცოტა ხნის წინ დანი ალვეში "ბარსელონამ" კლუბის ლეგენდების ნუსხიდან ოფიციალურად ამოიღო. 2022 წლის დეკემბერში ერთ-ერთ ღამის კლუბში 23 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის გამო ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მარჯვენა მცველს ბარსელონას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარდა ამისა, მას გოგონასთვის კომპენსაციის სახით 150 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.