ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენმა და კვარაცხელიამ ნეაპოლი გააცოცხლეს, ეს კი საშიშია“ - კატალონიური მედია

გუშინ, იტალიის სერია A-ში 21-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ნაპოლი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა, ნიგერიელმა კი მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანა.

„სასუოლოს“ წინააღმდეგ შთამბეჭდავი გამარჯვება კატალონიური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. „ბარსელონასთან“ დაახლოებული სააგენტო FC Barcelona Noticias-მა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის კარგ თამაშზე გაამახვილა ყურადღება.

რაც წერს FCBN:

„ნაპოლიმ“ წარუმატებელი სერია „სასუოლოს“ განადგურებით დაასრულა. „ბარსელონასთან“ მატჩამდე ორი კვირით ადრე, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაბამისად, ჰეთ-თრიკითა და დუბლით შეძლეს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა.

ქართველმა და ნიგერიელმა შემტევებმა ოთხშაბათს, კიდევ ერთხელ აჩვენეს გასული სეზონის დონე. კვარაცხელიამ და ოსიმენმა სტუმრად, კალცონას გუნდის გამოფენა მოაწყვეს. ფორვარდმა ჰეთ-თრიკითა და პასით იბრწყინა, ქართველმა გარემარბმა კი დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. ამით, „პარტენოპეიმ“ სერია A-ში სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ვიქტორ ოსიმენს აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ 3 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ნეაპოლელები თავისი ორი თილისმის გამოღვიძებით აღფრთოვანებულნი არიან და თანაც ეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ მოხდა. შესაძლოა, ახლა „ნაპოლიც“ და „ბარსელონაც“ ამ მატჩს სეზონის საუკეთესო კონდიციებში ხვდებიან, თუმცა, „კულეებისთვის“ გარდამტეხი სავარაუდოდ, მომავალ კვირას ბილბაოში ვიზიტი იქნება.

იტალიაში 1:1-ის შემდეგ, „ბლაუგრანა“ ეცდება საკუთარი სტადიონის უპირატესობის გამოყენებას, „ნაპოლი“ კი შეტევის სამეულს, კვარაცხელია-ოსიმენი-პოლიტანოს დაეყრდნობა. მათთვის კატალონიაში სტუმრობა მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი გამოცდა იქნება, რადგან „ბარსელონას“ ბარიერის დაძლევით, გუნდი ჩაგდებული სეზონის გაცოცხლებას შეძლებს. თუმცა, მანამდე „პარტენოპეის“ „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ გამოვლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო შეხვედრა 12 მარტს, ბარსელონაში გაიმართება, მანამდე კი „ნაპოლი“ 3 მარტს, საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ მიიღებს, 8 მარტს კი საბა საზონოვის „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აბსურდი ჩაიდინეთ! ახლა უკან დააბრუნებთ?“ - ქომაგები კვარა-ოსიმენის მურალზე
„აბსურდი ჩაიდინეთ! ახლა უკან დააბრუნებთ?“ - ქომაგები კვარა-ოსიმენის მურალზე