“საქმე უწყვეტ მაგიასთან გვაქვს“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ქართველმა შემტევმა დუბლი და საგოლე პასიც მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
CalcioNapoli:
„აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა. როდესაც ბურთს ეხება საქმე უწყვეტ მაგიასთან გვაქვს. დღეს მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. წარმოგიდგენიათ? ვიღაცებს ეყოთ გამბედაობა და ხვიჩას აკრიტიკებდნენ.“
Calciomercato:
„აშკარა იყო, რომ კარგი თამაში მოენატრა. ბურთს გამუდმებით ითხოვდა. გოლის გატანა მოედნის ცენტრიდან სცადა და ამით კონსილი შეაშინა. ყველა მომენტში ანათებდა. გოლების დროს ოსტატობა სრულიად გამოავლინა.“
TuttoNapoli:
„დღეს „სასუოლომ“ კვარაცხელიას სივრცეები მისცა და ეს მან იდეალურად გამოიყენა. დუბლი და საგოლე პასი.“
Tuttomercatoweb:
„პირველ ტაიმში გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მეორე ტაიმი ოსიმენზე საგოლე პასით გახსნა და შემდეგ ლამაზი გოლი გაიტანა.“
შეგახსენებთ, ამ გამარჯვების შემდეგ, „პარტენოპეის“ 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს „ნაპოლი“ 3 მარტს, საკუთარ კედლებში, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.
ცნობისთვის, „ჯვაროსნების“ შემტევმა მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა და მეექვსე საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩას მომენტები სასუოლოსთან