ლაპორტა დაყოლიებას ცდილობს - ჩავი შესაძლოა, ბარსელონაში დარჩეს
„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეცდება, რომ ჩავი ერნანდესი „ბლაუგრანაში“ კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაიყოლიოს.
ესპანური სააგენტო Diario Sport-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტამ და კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, რაფა იუსტემ ესპანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებიც გამართეს და ახლა პასუხის მოლოდინში არიან.
სააგენტო წერს, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელები 44 წლის სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილნი არიან და იციან, რომ ჩავი ფეხბურთელების დიდი ნდობით სარგებლობს. ამის გამო ლაპორტას და იუსტეს სურთ, რომ ჩავი ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყოს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესს „ბარსელონასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.