დანაკლისი ლუქსემბურგის ნაკრებში | საქართველოსთან ძირითადის მცველის გარეშე
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. „წითელი ლომი“ „ჯვაროსნებთან“ დაპირისპირებას დანაკლისით ხვდება და ფონს გასვლა მარვინ მარტინსის გარეშე მოუწევს.
მარტინსი მარჯვენა მცველია, რომელსაც ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც უთამაშია. იგი ვენის „აუსტრიას“ ღირსებას იცავს და გასულ უქმეებზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. რამდენიმე საათის წინ, მას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა და გაირკვა, რომ საქართველოსთან ვერ ითამაშებს.
ცნობისთვის, მარტინსმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყველა თამაში ძირითადში დაიწყო და თურქეთს გოლიც გაუტანა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 7 მატჩში იასპარეზა და პორტუგალიასთან და ლიხტენშტეინთან ცენტრალური მცველი გახლდათ.
მარტინსის გარდა, „წითელ ლომს“ ვინსენტ ტილი და დანელ სინანი დააკლდებიან. ეს უკანასკნელი „ჯვაროსნებთან“ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ტილს კი ტრავმა აწუხებს. გეტყვით იმასაც, რომ მატჩი თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.