„ჩიტოსაც მოუგებს და ომალისაც“ | რა თქვა სეხუდომ დვალიშვილზე
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ, რომელმაც ბოლო ჩხუბი მერაბ დვალიშვილთან გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, „მანქანაზე“ ისაუბრა. „ტრიპელ სის“ თქმით, დვალიშვილი ჩემპიონი გახდება და ტიტულისთვის ბრძოლაში მარლონ „ჩიტო“ ვერასაც მოუგებს და შონ ომალისაც.
„მოსამზადებელი კემპისას 100 პროცენტით მზად არ ვიყავი და ჭიდაობაზე საერთოდ ვერ ვვარჯიშობდი. მეორე და მესამე რაუნდები სწორედ ამიტომ წავაგე და მან დამსახურებულად მოიგო. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ კონტრაქტს ხელს აწერ, უნდა იჩხუბო კიდეც და სულერთია, ჯანმრთელი ხარ თუ არა.
ითამაშა თუ არა საზარდულის დაზიანებამ, რომელიც მაწუხებდა, როლი იმაში, რომ დავიღალე და მეტოქემ გამარჯვება ხელიდან გამომაცალა? რა თქმა უნდა! თუმცა, წაგება არ ნიშნავს, რომ ამ სპორტიდან მივდივარ. ასე ვერ წავალ და კარიერას ასეთი მარცხის შემდეგ ვერ დავასრულებ.
ბევრ ვეტერან მებრძოლს ვესაუბრე და მათთან ლაპარაკი დამეხმარა. მითხრეს, რომ მსოფლიოში საუკეთესო სუპერ მსუბუქ წონოსან მებრძოლს ვეჩხუბე და როცა დვალიშვილი შონ ომალის ან ჩიტო ვერას შეხვდება, მარტივად გაიმარჯვებს. სიმართლე გითხრათ, მეც ამ აზრზე ვარ. ვამბობდი, რომ მერაბი ბრძოლებისას შეცდომებს უშვებდა და ა.შ, მაგრამ როცა ოქტაგონზე მისი ტემპის წინააღმდეგ რჩები, ყველაფერი სხვანაირადაა. დვალიშვილი დარტყმების სიზუსტითა და ნოკაუტის ძალით არ გამოირჩევა, მაგრამ შეუძლია, მაღალი ტემპი მთელი ჩხუბის განმავლობაში შეინარჩუნოს და სახიფათოს სწორედ ეს ხდის“.
შეგახსენებთ, რომ „ტრიპელ სის“ დამარცხების შემდეგ, „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის პირველი ნომერი გახდა და UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, მისი მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის იქნება. მერაბის სავარაუდო მეტოქეებს რაც შეეხებათ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი მომდევნო ბრძოლას მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ 10 მარტს გამართავს და „მანქანა“ სავარაუდოდ გამარჯვებულს შეხვდება.