„ნაპოლიმ კვარა ახლიდან უნდა იპოვოს“ - ჯაკერინი ხვიჩას მდგომარეობაზე
„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე ჯაკერინიმ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში „პარტენოპეის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და „კალიარის“ წინააღმდეგ, სერია A-ს ბოლო ტურის თამაში შეაფასა. ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ კვარაცხელია ხელახლა უნდა იპოვოს.
რას ამბობს ჯაკერინი:
„კალიარისთან“, პირველ ტაიმში „ნაპოლის“ უჭირდა, მეორე ტაიმში კი შედარებით გაიხსნა და ამის გამო გუნდი რასპადორის მადლიერი უნდა იყოს. გუნდს სჭირდება ასეთი სითავხედე თუნდაც მაშინ, როდესაც ბევრ შესაძლებლობას ვერ იყენებს. ასეთ დროს, ერთი ინდივიდუალური შეცდომაც კი შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.
„ნაპოლიმ“ უნდა იპოვოს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები, პირველ რიგში კვარა. მისთვის საქმეები კარგად არ მიდის, სტაბილურობა აკლია და ამის გამო გუნდსაც პრობლემები აქვს. ოსიმენის გოლის შემდეგ, მათ ქართველის თამაშიც უნდა იპოვონ. გუნდმა სამი მწვრთნელი შეიცვალა და საჭიროა, რომ ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა თავის თავზეც აიღონ.
კალცონას ვიცნობ, სარის მწვრთნელობის პერიოდში იქ ვთამაშობდი და ვიცი, რაც შეუძლია. „ნაპოლიში“ სამუშაოდ მზადაა და ხასიათიც შესაბამისი აქვს.
კონტე დე ლაურენტისთან? ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებები არიან. მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს გუნდში საკუთარი პიროვნების დამკვიდრებას, დე ლაურენტისთან კი ეს მარტივი არ არის, ის ყოველთვის ცდილობს მწვრთნელის საქმიანობაში ჩარევას. კონტე და დე ლაურენტისი ნამდვილად დამაინტრიგებელი კომბინაციაა, მაგრამ ახლა ეს რთული წარმოსადგენია.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. 26 ტურის შემდეგ, ფრანჩესკო კალცონას გუნდი 37 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა, კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, რომელსაც ოთხშაბათს, „სასუოლოსთან“ გამართავს, კვირას კი 27-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.