იმალებოდა და რომას ვარჯიშს აკვირდებოდა | საზონოვის თავკაცის ხრიკები
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, საბა საზონოვის „ტორინო“ „რომას“ შეხვდება. „ჯალოროსი“ მასპინძლის რანგში იქნება და „გრანატას“, რომელსაც სტუმრად გამართული ბოლო 7 მატჩიდან მოგებული მხოლოდ 1 აქვს, თბილისის დროით, 21:30-ზე დაუპირისპირდება.
„რომასა“ და „ტორინოს“ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Corriere dello Sport-ის ცნობით, „გრანატას“ თავკაცის, ივან იურიჩის ერთ-ერთი ასისტენტი, მიკელე ორეკიო „რომას“ საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებს შორის იმალებოდა და დანიელე დე როსის გუნდის ვარჯიშს აკვირდებოდა.
იტალიური გამოცემის მიხედვით, ორეკიო პოლიციამ აღმოაჩინა და ტერიტორია დაატოვებინა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ორეკიო საფეხბურთო ჯაშუშის როლს ირგებს. 2023 წლის აპრილში, ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა, ნუნუ სანტოშმა ტრიბუნებზე მყოფი ორეკიო დააფიქსირა, რომელიც „რომას“ ვარჯიშს ვიდეოკამერით იწერდა და სავარჯიშო რუტინას აკვირდებოდა.
ცნობისთვის 25 ტურის შემდეგ, „ტორინოს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „გრანატას“ 36 ქულა აქვს და „რომას“, რომელიც მე-6 ადგილზე იმყოფება, 5 ქულით ჩამორჩება.