მამუკელაშვილის 8 ქულა 14 წუთში | სან ანტონიოს 47-ე მარცხი რეგულარულში
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მეოთხე, NBA-ის მიმდინარე რეგულარულში კი 47-ე შეხვედრა წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამჯერად „იუტა ჯაზთან“ დამარცხდა და სტუმრად გამართული მატჩი 109:128 დათმო.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 13 წუთი და 52 წამი გაატარა. სანდრომ, მცირე დროში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და აქტივში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. „მამუმ“ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და მის პასივში 1 დაკარგვა იყო.
საინტერესოა, რომ მამუკელაშვილი „სან ანტონიოს“ ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც +/- გრაფაში უარყოფითი შედეგი არ ჰქონია. როცა სანდრო პარკეტზე იყო, „სპურსმა“ მეტოქეზე 8 ქულით მეტი ჩააგდო, რაც მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 19 ქულით დათმო, შესანიშნავი მაჩვენებელია.
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო მექულე დევინ ვესელი გახდა - 27 ქულა, 9 მოხსნა. ვიქტორ ვემბანიამამ 22 ქულა, 10 მოხსნა და 5 ბლოკი დააგროვა, ზაკ კოლინსის ანგარიშზე 17 ქულა იყო. „იუტას“ მხრიდან 26 ქულით ლაური მარკანენი გამოირჩა. ჯორდან კლარკსონმა 22 ქულა და 10 ასისტი გააკეთა, ჯონ კოლინსმა 20 ქულა ჩააგდო.
„იუტასთან“ მარცხის შემდეგ, „სან ანტონიოს“ 11 მოგება და 47 წაგება აქვს. ტექსასელები დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრა 28 თებერვალს, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ ელით.