დაბრუნება სასტარტოში და ეფექტური ბლოკები | გოგას ორლანდომ ატლანტასთან წააგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია „ატლანტა ჰოუქსთან“ შეწყდა. ფლორიდელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა, მეორე ნახევარში დაცვაში საშინლად ითამაშეს, მეტოქისგან 64 ქულა მიიღეს და 92:109 დამარცხდნენ.
„ატლანტასთან“ მატჩში ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა, რაც „ორლანდოს“ საკადრო პრობლემებით გახლდათ განპირობებული. „მეჯიქს“ პაოლო ბანკერო არ ჰყავდა და გუნდის თავკაცმა, ჯამალ მოზლიმ გოგას ძირითადში დაყენება 20 იანვრის შემდეგ პირველად გადაწყვიტა.
Gaga said NOPE pic.twitter.com/yTFGud1z3D
— Orlando Magic (@OrlandoMagic) February 26, 2024
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18 წუთი და 30 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 2 ქულა, 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარებაა. ბითაძემ ეფექტური ბლოკები შემოგვთავაზა, მაგრამ შეტევაში დამაჯერებლად ვერ ითამაშა და 5-დან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, მის პასივში 1 დაკარგვაც იყო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა ფრანც ვაგნერმა დააგროვა. უენდელ კარტერ ჯუნიორს 18 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, კოულ ენტონიმ 15 ქულა ჩააგდო. „ატლანტას“ 25 ქულით, 9 მოხსნითა და 11 ასისტით დეჟონტე მიურეიმ ულიდერა. ჯეილენ ჯონსონმა 21 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 32 მოგება და 26 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციას იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს გამართავს და „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდა.