საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, გიორგი ცინცაძე, ჯო ტომასონი
Aa
Aa

„მოედანზე ისე ვიომებთ, თითქოს ბოლო მატჩია“ - ცინცაძე და ტომასონი სერბეთის წინ

26 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები „თბილისი არენაზე“ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ეს შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის. 38 წლის გამთამაშებელი ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 217-ე მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც ნაკრებს როგორც მოთამაშე სამუდამოდ დაემშვიდობება.

თამაშამდე 1 დღით ადრე გიორგი ცინცაძემ და ჯო ტომასონმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

გიორგი ცინცაძე:

ყველაფერს თავისი დრო აქვს და ჩემთვის კარიერის დასრულების დროც მოვიდა. მინდა ეროვნულ ნაკრებს მომავალში წარმატებები ვუსურვო. მე ყველა ის თამაში მეამაყება, რომელიც ნაკრებში ჩავატარე. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ერთად გატარებული დროისთვის.

იმედი მაქვს, დასანანი მარცხის შემდეგ ჩვენი გუნდი შეძლებს და ხვალ გამარჯვებას მოიპოვებს, რაშიც სავსე ტრიბუნები დაგვეხმარება. მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია, თუმცა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ხშირად დაგვიმტკიცებია, რომ აქ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია წარმატების მიღწევა.

ო ტომასონი:

ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ხვალ კიდევ ერთი თამაში გვაქვს და თუ იმ შეხვედრას მოვიგებთ, დანიასთან მარცხი აღარავის გაახსენდება. ეს ჩემი და მთელი გუნდის მიდგომაა. ხვალ მოედანზე გავალთ და ისე ვიომებთ, თითქოს ეს ჩვენი ბოლო მატჩია. მე ნორმალურად ვითამაშე, თუმცა ბევრად მეტი შემიძლია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს დავეხმარო.

ცინცაძე ჩემთვის დიდი ძმასავითაა. მუდამ ვსაუბრობთ და ხვალ მინდა ის განსაკუთრებული მოგონებით გავაცილო და არა მარცხით. ეს განსაკუთრებული დღე იქნება ჩვენთვის, ყველასთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე პირველი შეხვედრა 23 თებერვალს, სტუმრად დანიასთან გამართა და 6 ქულის სხვაობით, 75:69 დამარხდა. ხვალინდელი მატჩი „თბილისი არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები