ალეკსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„ურთულესი შეხვედრა გველოდება“ | ჯიკიჩი დანიასთან მატჩზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს. თბილისის დროით, 21:30-ზე, ჩვენი ეროვნული გუნდი დანიას დაუპირისპირდება და მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა მატჩისწინა კომენტარი გააკეთა.

„როგორც იცით, საკვალიფიკაციო ეტაპს ხვალ ვხსნით და რთულ შეხვედრას ველოდებით. ძალიან მძიმე მატჩი იქნება ძალისმიერი და მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც სურს, ევრობასკეტზე გავიდეს და ისარგებლოს იმ ფაქტით, რომ ფინეთმა ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქედ აირჩია.

ჩვენ რაც შეგვეხება, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე დღეა, გუნდი სრული შემადგენლობითაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს საუკეთესო კალათბურთს ჯერ ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ იმედი გვაქვს, ის, რასაც ხვალ ვითამაშებთ, დადებითი შედეგისთვის საკმარისი იქნება. როცა ბიჭები ერთმანეთს უკეთ გაუგებენ და გაითავისებენ, რით შემიძლია დავეხმარო, რომ თავიანთი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენონ, უკეთეს კალათბურთს ვითამაშებთ.

მჯერა, რომ ის, რაც რომელიმე მოთამაშისთვის კარგია, შეიძლება, გუნდისთვის კარგი არ იყოს და პირიქით. ერთმანეთისთვის მსხვერპლის გასაღებად მზად უნდა ვიყოთ და გავითავისოთ გუნდური ქიმია რა არის. შეკრების პირველივე დღიდან ვცდილობდით, დანიაზე არ გვეფიქრა, რადგან ეს არის ის, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენი მიზანი იყო, გაგვერკვია, როგორ შეგვეძლო ხარისხის მაქსიმალურად წარმოჩინება და სისუსტეების დამალვა“.

შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრების გარდა, ჩვენი მეტოქეები ფინეთი და სერბეთი არიან. დანიის შემდეგ სერბეთს დავუპირისპირდებით და 26 თებერვალს, საკუთარ კედლებში ვითამაშებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სადაც არ უნდა შემხვდეს, ყველგან ვცემ“ | ელ პანტერა ილია თოფურიას ემუქრება
„სადაც არ უნდა შემხვდეს, ყველგან ვცემ“ | ელ პანტერა ილია თოფურიას ემუქრება