დანი ალვეში
Aa
Aa

ოფიციალურად | დანი ალვეშს 4.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს, დანი ალვეშს 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასჯელის მოხდის გარდა, დანი ალვეშს მორალური კომპენსაციის სახით 150 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს. საგულისხმოა, რომ პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ალვეშს 5-წლიანი პირობითი სასჯელიც შეეფარდა. ამასთან, ფეხბურთელს მსხვერპლთან 9.5 წლით მიახლოებაც აეკრძალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ დანი ალვეშმა დაზარალებულის უარის მიუხედავად, გოგონასთან სექსუალური კავშირი იძულების წესით დამყარა და ალვეშის დაცვის მხარემ ამის საპირისპიროდ საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო.

დაცვის მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება კატალონიის უმაღლეს სასამართლოში შეუძლია, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი პატიმრობაში 2023 წლის იანვრიდან იმყოფება, ბრალად კი ბარსელონაში მდებარე ღამის კლუბ Sutton-ში გოგონას გაუპატიურება ედება. პროკურატურა ალვეშისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადგილობრივ სასამართლოში კი ამ მუხლით გასამართლების შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი 12 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები