„ვაისთან შეხვედრა ყოველთვის მსიამოვნებს. ყურადღებით უნდა ვიყოთ“ - კიტეიშვილი სლოვანთან მატჩზე
უეფას კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა ქართველ ნახევარმცველს ვლადიმირ ვაისის შესახებაც ჰკითხეს, რომელიც წარსულში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
რა თქვა კიტეიშვილმა:
შეხვედრას კარგი უპირატესობით ვიწყებთ, კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო და მოედანზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ საუკეთესო შედეგს მივიღებთ. საკუთარ თავებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ფეხბურთში ხშირად მომხდარა, რომ პირველი თამაშის შემდეგ დიდ სხვაობაზეც, მეორე გუნდს თამაში შემოუტრიალებია. ვლადიმირ ვაისს პირველ თამაშამდე ვესაუბრე. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო და მასთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა. მასაც გაუხარდა ჩემი ნახვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თამაშზე არ გვისაუბრია, მაგრამ შესაძლოა ხვალ გავისაუბროთ.
შეგახსენებთ, რომ გრაცის „შტურმა“ პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 4:1 მოიგო. ამ მატჩში კიტეიშვილმა 64-ე წუთზე შეძლო პენალტის გატანა, რითაც ანგარიში 3:1 გახდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.