კვარასა და ოსიმენის ურთიერთობა ჯუღელის სიტყვების შემდეგ | რას წერს Corriere dello Sport-ი
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა „ნაპოლის“ ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ურთიერთობაზე დაწერა. Corriere dello Sport-მა ყურადღება „კვარას“ აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებაზე გაამახვილა, რომელსაც „ოსი“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ჯუღელს ბინძური და სამარცხვინო ადამიანი უწოდა.
„დროის გასვლამ, მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვამ და აფრიკის ერთა თასმა არაფრისმომცემი სიტყვებით გამოწვეული ჭრილობები მოაშუშა. მამუკა ჯუღელის განცხადების მიუხედავად, კვარაცხელია და ოსიმენი უფრო ახლო მეგობრები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ“, - წერს იტალიური გამოცემა.
როგორც მოგეხსენებათ, ოსიმენი აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ იყო წასული და „კვარას“ აგენტის სიტყვებს კოტ-დ’ივუარიდან გამოეხმაურა. იგი ნეაპოლში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და „პარტენოპეის“ ქომაგთათვის კარგი ამბავია, მომხდარის გამო, ვიქტორსა და ხვიჩას შორის ურთიერთობა რომ არ დაიძაბა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება 21 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება. „პარტენოპეი“ მასპინძლის რანგში იქნება და „ბლაუგრანასთან“ შეხვედრაში გუნდს ფრანჩესკო კალცონა გაუძღვება, რომელმაც ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა.