ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე
Aa
Aa

რისკების მინიმუმამდე დაყვანა - ტალახაძე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

ძალოსნობაში ევროპის 7-გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური: „ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობას ელის, თუმცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს. როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა. მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება. ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა''.

30 წლის ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 7-ჯერ მოიპოვა (2016, 2017, 2018, 2019, 2021, 2022, 2023). ტურნირი 2020 წელს კორონავირუსის გამო არ გამართულა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ბაქარ თურმანიძე გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები