უეფას C ლიცენზიის კურსი ქალთა ნაკრების ფეხბურთელებისთვის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეებისთვის, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო.
მსგავსი კურსი საქართველოში პირველად ტარდება და ფეხბურთელებისთვის სრულიად უფასოა. კურსი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს საშუალებას აძლევს საფეხბურთო კარიერის მიმდინარეობისას მიიღონ სამწვრთნელო განათლება და დაეუფლონ შესაბამის ლიცენზიას.
კურსის პირველი მოდული სანაკრებო შეკრების მიმდინარეობისას ტარდება, რომლის ფარგლებშიც ჩვენი გუნდი ჩრდილოეთი მაკედონიის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. C ლიცენზიის კურსზე 23 მონაწილე ირიცხება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უეფა-ს C ლიცენზიას.
კურსის დაწყებამდე, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მონაწილეებს წარმატება უსურვეს.