„დასვენება არ მაცადა“ | სეხუდომდე მერაბმა ალჯოსთან იჩხუბა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით, საინტერესო ამბავი გაგვიზიარა. „ალჯომ“ UFC 298-ის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ ჰენრი სეხუდომდე „მანქანამ“ მასთან იჩხუბა.
„დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, მერაბი სპორტდარბაზში რა ტემპში ვარჯიშობს და როგორი ინტენსივობით გამოირჩევა. ჩხუბის დილას, მასთან 3-რაუნდიანი, ძალიან მძიმე სპარინგი მქონდა. რამდენჯერმე ძლიერად მომარტყა და სპარინგის დასრულების შემდეგ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბრძოლა გავმართე.
მოგვიანებით, Honda Center-ში (არენა, რომელმაც UFC 298-ს უმასპინძლა) მივედით და კიდევ ვისპარინგეთ, რის შემდეგაც მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მეტი არაფერი იყო საჭირო. კბილების დამცავი პირიდან გამოვიღე და დასასვენებლად დავჯექი, მაგრამ ვინ მაცადა?! ზუსტად 30 წამის შემდეგ, მერაბი მოვიდა და მეუბნება, კიდევ ვისპარინგოთო. სეხუდოსთან ბრძოლამდე, დაახლოებით 20-წუთიანი სპარინგი გვქონდა, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მერაბმა მითხრა, რომ უფრო მეტი უნდა გვესპარინგა, რადგან ჩხუბი ნელ ტემპში დაიწყო“.
სტერლინგის სიტყვები დვალიშვილის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, რეი ლონგომაც დაადასტურა და განაცხადა: „სეხუდომდე ალჯოს ეჩხუბა. მასთან ჩვეულებრივი, 3-რაუნდიანი ბრძოლა ჰქონდა. არის მომენტები, როცა სტერლინგი ჩემი ვარჯიშების გამო წუწუნებს ხოლმე, მაგრამ მერაბთან სპარინგი ამაზე ბევრად, ბევრად უარესი იყო. 5-წუთიანი 3 რაუნდი გამართეს და ჰენრისთან ბრძოლა იმ დღეს მერაბისთვის მეორე ჩხუბი იყო“.
ცნობისთვის, დვალიშვილმა „ტრიპელ სი“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, „მანქანის“ მომდევნო ბრძოლა ტიტულზე იქნება.