ატლეტიკო, ინტერი
Aa
Aa

ინტერი VS ატლეტიკო - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ინტერი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ინტერი“ - ჯგუფური ეტაპი

სიმონე ინძაგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ნორმალურად ჩაატარა, თუმცა „რეალ სოსიედადს“ ვერ აჯობა და მეორე ადგილი დაიკავა. „ნერაძურიმ“ 6 მატჩიდან 3 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

შიდა ჩემპიონატი

აქ კი „ინტერს“ ყველაფერი იდეალურად აქვს. ინძაგის შეგირდებმა 24 ტურიდან 20-ჯერ გაიმარჯვეს, 3 მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო 1 წააგეს. ამ მომენტისთვის, „ნერაძური“ 63 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ 9 ქულით უსწრებს, თანაც ისე, რომ მათ „ბებერ ქალბატონზე“ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. გასულ ტურში „ინტერი“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

„ატლეტიკო“ - ჯგუფური ეტაპი

შეიძლება ითქვას, რომ „როხიბლანკოს“ ჯგუფიდან გასვლა არ გაუჭირდა. სიმეონეს შეგირდებმა 6 მატჩიდან 4 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ კი 4 ქულით გაასწრეს.

შიდა ჩემპიონატი

მიმდინარე სეზონში, „ატლეტიკო“ ლა ლიგაში ვერ ბრწყინავს. ამ მომენტისთვის, დიეგოს გუნდს 51 ქულა აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „რეალს“ 11 ქულით ჩამორჩება. გასულ ტურში „როხიბლანკომ“ „ლას პალმასს“ 5:0 გადაუარა.

დანაკლისი:

მერვედფინალისთვის „ინტერს“ კუადრადო და სენსი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აჩერბის და ფრატესის თამაშიც. რაც შეეხება ატლეტიკოს, მადრიდელებს აზპილიკუეტა, ლემარი და ვიტოლო არ ჰყავთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გაბრიელ პაულისტას და ალვარაო მროატას თამაშიც.

რა თქვა ინძაგიმ მატჩის წინ ?

„დიდი სიამოვნება იქნება ხვალ დიეგო სიმეონეს მეტოქედ ხილვა. ის ფანტასტიკური თანაგუნდელი იყო და მასთან ერთად თამაში სიამოვნებას მანიჭებდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩოლო შესანიშნავი მწვრთნელი გახდებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი მეგობრობა დიდი ხანია გრძელდება.

სიმეონეს ფორმაციის „ატლეტიკო“ შესანიშნავი გუნდია. ისინი რამდენიმე წელია მაღალ დონეზე თამაშობენ. ხვალ ნამდვილი „ინტერი“ დაგვჭირდება. პროგნოზირება რთულია, რადგან ორი ბრწყინვალე გუნდი ხვდება ერთმანეთს. „ატლეტიკოს“ შესანიშნავი მენტალიტეტი აქვს და კარგ ფეხბურთს თამაშობს.“

რა თქვა სიმეონემ მატჩის წინ:

როდესაც „ინტერზე“ ვსაუბრობთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გუნდი ევროპის ტოპ ოთხ-ხუთ საუკეთესოს შორისაა. შიდა ჩემპიონატი თავისთავად ამბობს, თუ რამდენად კარგი და გამართული გუნდია. მათი თამაშის სტილი ძალიან მომწონს. ეს არის რაღაც კონკრეტული და მარტივი, რომელთან გამკლავებაც გიჭირს. კოლექტიურად ძალიან კარგად მუშაობენ. ეს იქნება დუელების მატჩი, ვინც მეტს დუელს მოიგებს, ის გაიმარჯვებს.

არ ვაპირებ იმის თქმას, რომ განსაკუთრებული ინტენსივობით თამაში გვმართებს, ეს ისედაც აშკარაა. ინტერს შეტევაში ბევრი იარაღი აქვს და ნებისმიერი მხრიდან შეუძლია დარტყმის მოყენება. ჩვენც ისეთი ადგილიდან ვითამაშებთ, სადაც ყველაზე მეტი ზიანის მიყენებას შევძლებთ.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები 21-ე საუკუნეში ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ. პირველად ეს 2010 წლის უეფა-ს სუპერ თასზე მოხდა, სადაც „როხიბლანკომ“ ხოსე ანტონიო რეიესის და სერხიო აგუეროს გოლების წყალობით გაიმარჯვა. მეორედ კი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე და ამჯერად გამარჯვება „ინტერმა“ იზეიმა(1:0).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნი ტუხელის შემცვლელად ზიდანის კანდიდატურას განიხილავს
ბაიერნი ტუხელის შემცვლელად ზიდანის კანდიდატურას განიხილავს