ირაკლი ჩხეიძის ბრინჯაო აკვრაში - ძალოსნების მორიგი მედალი ევროპიდან
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე წარსდგა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში პირველ და მეორე ცდაზე 168 და 174 კილოგრამები დაძლია, მესამე მისვლაზე კი 178 კგ.-ს ვერ გაუმკლავდა და კატეგორიაში მე-6 ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება აკვრას, ჩხეიძე პირველ მისვლაზე 212 კილოგრამს გაუმკლავდა, მეორე ცდაზე 217 კილოგრამს ვერ მოერია, მესამე მისვლაზე კი 218 კგ.-ის აწევა ვერ შეძლო. აკვრის კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი 386 კილოგრამი დააფიქსირა და მე-5 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, ტურნირზე საქართველოს სახელით კიდევ ორი ძალოსანი იასპარეზებს. თბილისის დროით 19:00 საათზე 109 კგ. წონით კატეგორიაში ზაზა ლომთაძე დაიცავს, 22:00 საათზე კი გოგონებში, 87 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანს ვიხილავთ.