დაუსრულებელი საშინელებათა ფილმი - ბაიერნის მძიმე კრიზისი
„ისეთი შეგრძნებაა, როგორც დაუსრულებელი საშინელებათა ფილმის ყურების დროს“ - თქვა შოკში ჩავარდნილმა ლეონ გორეცკამ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ..
გასულ ტურში, „ბაიერნი“ „ბოხუმთან“ 3:2 დამარცხდა და კოშმარული კვირაც დასრულდა. „რეკორდმაისტერი“ ღრმა კრიზისშია..
ლიდერ ლევერკუზენთან 8-ქულიანი ჩამორჩენა, რომელიც მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელი არ ჩანს, მაგრამ ადვილიც ნამდვილად არ არის. არც ჩემპიონთა ლიგის პერსპექტივა ჩანს ნათელ ფერებში „ლაციოსთან“ 0:1 წაგების შემდეგ..
„ბოხუმთან“ წაგების შემდეგ, ტომას ტუხელმა განაცხადა: „ეს იყო მერფის კანონი. ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ წავიდა.“ ამ განცხადებით გერმანელმა სპეციალისტმა დაიო უპამეკანოზე მიანიშნა, რომელიც ბოლო 5 დღეში ორჯერ გააძევეს. მიუხედავად ამისა, ტუხელმა ფეხბურთელები მაინც დაიცვა: „ჩემს მოთამაშეებს ვერ დავადანაშაულებ. თუ ამ თამაშს კიდევ ერთხელ ვითამაშებთ, მას აუცილებლად მოვიგებთ.“
„ბაიერნი“ ისეთი კალიბრის გუნდია, რომ „ბოხუმთან“ ფრე, რომ დასრულებულიყო, მაინც წარუმატებლობად ჩაითვლებოდა.
გორეცკას შეფასება კი უფრო ზუსტი იყო: „ეს არის ინდივიდუალური შეცდომების ბრალი, რომლებსაც ძალიან ხშირად ვუშვებთ. ამ მომენტში ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ეჭვქვეშ დგას.“
კითხვაზე, ჯერ კიდევ სჯერა, თუ არა, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგას მოიგებს, გერმანელმა უპასუხა: „არა, ახლა აღარ მჯერა. მე გულწრფელი ვარ ამ საკითხის შესახებ.“
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ბუნდესლიგაში 50 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილზე მყოფ ლევერკუზენის „ბაიერს“ კი 8 ქულით ჩამორჩება.