მეცი მონპელიასთან განადგურდა - მიქაუტაძემ კარგი მომენტები ვერ გამოიყენა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 3:0 დამარცხდა. ლასლო ბოლონის გუნდის კარში პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან 3 წუთში, ისიაგა სილამ გაიტანა, მეორე ტაიმის დებიუტში მოდიბო სანანმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით სავენიემ დააფიქსირა.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, ქართველი შემტევი „მეცის“ სასტარტოში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.
ამ დროის განმავლობაში 23 წლის ფეხბურთელს რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა. პირველ ნახევარში, მე-12 წუთზე მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო და ბურთი მცველმა დაბლოკა. 28-ე წუთზე მიქაუტაძე მეორედ დაემუქრა „მონპელიეს“ კარს, თუმცა, ამჯერად ბურთი კარს მცირე მანძილით გადააცილა.
71-ე წუთზე, ქართველი შემტევი მეკარისგან ახლო კუთხეში ცდილობდა გატანას, თუმცა, „მონპელიეს“ კიპერს ვერ აჯობა, 78-ე წუთზე კი მისი მცდელობა მცველებმა დაბლოკეს. შეხვედრის მიწურულს, მიქაუტაძემ საჯარიმო შეასრულა, თუმცა, დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მიქაუტაძის მომენტები მონპელიესთან:
22 ტურის შემდეგ, „მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 17 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება, „მონპელიემ“ კი ამ გამარჯვების შემდეგ 22 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.