მაცარის ბოლო შანსი - ლაურენტისმა მისი შემცვლელი შეარჩია
Gazzetta-ს ინფორმაციით, „ნაპოლი’’ ვალტერ მაცარის მოხსნის ვარიანტს განიხილავს. კლუბი გამოცდილ სპეციალისტს ბოლო შანსს ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან’’ მატჩში აძლევს. თუ გუნდი შედეგიან ფეხბურთს ვერ აჩვენებს, დიდი შანსია მაცარი გაუშვან და ის მარკო ჯამპაოლომ შეცვალოს. აურელიო დე ლაურენტისი მაცარის ალტერნატივად ჯამპაოლოს განიხილავს. 56 წლის ჯამპაოლო ბოლოს „სამპდორიას'' წვრთნიდა, 2022 წლიდან მოყოლებული უმუშევარია.
გუშინ „ნაპოლიმ'' შინ „ჯენოა'' ვერ დაამარცხა, მეტიც „პარტენოპეი'' მარცხთან ახლოს იყო, 90-ე წუთზე ნგონგემ ნეაპოლელები მარცხისგან იხსნა. ხვიჩა კვარაცხელია ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო იყო, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა ოსიმენის გარეშე „ნაპოლის'' გოლის გატანა ძალიან უჭირს, ხვიჩა კი დამაგვირგვინებელ ფაზაში ძლიერი არაა, გუნდს ოსიმენი ძალიან სჭირდება, მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისია.
რაც შეეხება ბოლო მატჩებს, სერია ა-ს ბოლო ოთხ ტურში მაცარის გუნდმა 1 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 დათმო. მოქმედი ჩემპიონი 36 ქულით მე-9 ადგილზეა, ამდენივე ქულაა მე-10 ადგილზე მყოფი „ტორინოს'' აქტივში.
„ნაპოლი'' შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონასთან'' გამართავს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება „დიეგო მარადონაზე'' შემდეგი კვირის ოთხშაბათს ღამე გაიმართება, თამაში 00:00 საათზე დაიწყება. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დიდი ალბათობით ვიქტორ ოსიმენი კატალონიური გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. „ბარსელონასთან'' შეხვედრას სერია ა-ს 25-ე ტურში „კალიარისთან'' გასვლითი მატჩი მოჰყვება (25 თებერვალი, 18:00).