წარუმატებელი დებიუტი - სხირტლაძემ 4 რეალური შანსი ვერ გამოიყენა
თურქეთის რანგით მეორე ლიგაში დავით სხირტლაძის დებიუტი შედგა, „ქოჯაელი'' შინ აუტსაიდერ „შანლიურფასპორთან'' 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ბერიძემ (60 წუთი), დავით სხირტლაძემ (90 წუთი) და გიორგი ხარაიშვილმა (60 წუთი) ითამაშეს.
28-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის ჩაწოდების შემდეგ დავით სხირტლაძემ გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა. ზოგადად, სხირტლაძისთვის დღევანდელი მატჩი წარუმატებელი იყო, მეკარესთან პირისპირ 4-ჯერ დარჩა და გოლი მაინც ვერ გაიტანა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ცდებოდა.
23 ტურში „ქოჯაელმა'' 43 ქულა დააგროვა, რანგით მეორე ლიგაში მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „კეჩიორენას'' ესტუმრება (25 თებერვალი, 14:30).
26 წლის გიორგი ბერიძე „ქოჯაელში'' სადებიუტო სეზონს ატარებს, რანგით მეორე ლიგის 17 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ხარაიშვილსა და სხირტლაძეს, ისინი თურქულ კლუბს ახლახან შეუერთდნენ.