ბუდუ სასტარტოს მიღმა - ცვლილებაზე გამოვიდა და კარლსრუემ ფრე ითამაშა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში „კარლსრუე’’ - დიუსელდორფის „ფორტუნას’’ მატჩი 2:2 დასრულდა.
„კარლსრუეს'' მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასტარტო 11-ეულს მიღმა დატოვა, ქართველი ფორვარდი სკამზე იჯდა და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. ერთ წუთში „კარლსრუემ’’ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბუდუ ამ გოლის შექმნაში არ მონაწილეობდა.
ქართველ ფორვარდს გოლის გატანის რეალური შანსი არ ჰქონია, ერთადერთი მომენტის გამოყოფა შეიძლება, როცა ბურთი კარგად მიიღო და კარისკენ არტყამდა, თუმცა მეტოქის ფეხბურთელს გაარტყა და შემდეგ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ამ მომენტის ჩვენებით იმის თქმა გვინდა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მეტოქის საჯარიმოში დროული და ზუსტი პასი მისცეს. თანაგუნდელები პასებით ვერ ამარაგებენ, მეტწილად კარგად იხსნებოდა, მაგრამ თანაგუნდელები შესაბამისად ვერ ეხმარებოდნენ.
მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ბუდუმ 5-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, მინდორზე 1 დუელი ჰქონდა და გამარჯვებული გამოვიდა. მის წინააღმდეგ თამაშის წესი ერთხელ დაირღვა. ბურთს მხოლოდ 10-ჯერ შეეხო, 7-დან 4 პასი ზუსტად შეასრულა. კარისკენ ერთხელ დაარტყა და დაუბლოკეს.
მე-14 ტურში ზივზივაძემ ცვლილებაზე ითამაშა, „ნიურნბერგს’’ 2 გოლი გაუტანა. მას შემდეგ ზედიზედ შვიდი მატჩი სასტარტოში დაიწყო, თუმცა დღეს ასე არ მოხდა, აიხნერმა სასტარტოს მიღმა დატოვა და შედარებით მცირე სათამაშო დრო დაუთმო.
„ნიურნბერგთან'' მატჩიდან მოყოლებული 7-მატჩიან მონაკვეთში 6 გოლი გაიტანა, 21-ე ტურში „ბრაუნშვაიგთან'' ვერ შეაგდო და დღევანდელი 22-ე ტურის მატჩიც უგოლოდ დაასრულა.
„კარლსრუემ'' 22 ტურში 29 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა, მომდევნო ტურში აუტსაიდერ „კაიზერს'' ესტუმრება (24 თებერვალი, 16:00).