„ნახტომი დიდებისკენ - ის ამისთვის მზადაა“ - ესპანური პრესა კვარაზე და ბარსაზე
დღეს ესპანურმა Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ „ბარსელონა“ ზაფხულში მარცხენა გარემარბის შეძენას გეგმავს. სიაში კი კაორუ მიტომა (ბრაიტონი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი) და ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) არიან.
აი რას წერს ბარსელონური გამოცემა ხვიჩას შესახებ:
„ბარსელონას კიდევ ერთი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ნაპოლისთან ერთად ბარსას ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს ძალაში, ის მზადაა განახორციელოს ნახტომი დიდებისკენ, მას შემდეგ რაც გასულ სეზონში 14 გოლითა და 17 საგოლე პასით აფეთქდა.
კვარაცხელია გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისმა აგენტმა თქვა, რომ ხვიჩა მოტივირებულია ბარსელონაში ან რეალში ითამაშოს.
ნიკო უილიამსმა ბილბაოსთან ხელშეკრულება 2027 წლამდე განაახლა და ბარსამ მისი ტრანსფერი გამორიცხა“.
- წერს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ სეზონის ბოლოს რამდენიმე შემტევის გაყიდვას გეგმავს. კლუბი ლევანდოვსკის, რაფინიასა და ფერან ტორესს შორის სავარაუდოდ ორ მათგანს შეელევა. ასევე თითქმის გამორიცხულია, რომ ჟოაო ფელიქსი „ატლეტიკოდან“ გამოისყიდონ.