„სიკვდილს არ ვაპირებ, ალექსი მაგარი მებრძოლია“ | ბისპინგის ინტერვიუ ილიასთან
UFC 298 ახლოვდება და მისი მთავარი მოვლენის მონაწილე, ილია თოფურია მასმედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. „ელ მატადორს“ ინტერვიუ UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმაც ჩამოართვა და მას ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე ელაპარაკა.
„ალექსანდრ ვოლკანოვსკი ძალიან კარგი მებრძოლია. ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონია და Pound for Pound რეიტინგის პირველი ნომერი იყო. როგორ შეიძლება ვთქვა, რომ დიადი ჩემპიონი არ ყოფილა. ალექსი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება და მას არასდროს დაივიწყებენ. იგი დაამახსოვრდებათ, როგორც დიადი ჩემპიონი და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მებრძოლის დამარცხების შანსი მომეცა, მაგრამ მასთან ჩხუბისთვის მზადება რამდენიმე თვის წინ არ დამიწყია. ამ ჩხუბისთვის მზადება მაშინ დავიწყე, როცა MMA-ის მებრძოლი გავხდი.
ვოლკანოვსკის ბევრად უკეთ ვიცნობ, ვიდრე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის სხვა მებრძოლებს. მახაჩევთან ბოლო ჩხუბი? ამ ბრძოლის ანალიზი არაფერს მოგვცემს, რადგან ოქტაგონზე გასვლა ბოლო მომენტში გადაწყვიტა და მოსამზადებელი კემპი არ გაუვლია. ვოლკანოვსკის იდეალურ დროს ვხვდები, მაგრამ 17 თებერვალს ჩემი მეტოქე კარიერის პიკში მყოფი ალექსი რომ ყოფილიყო, შედეგი იგივე იქნებოდა და მაინც მოვიგებდი.
როგორია ჩემი პროგნოზი? ვიცი, რომ პირველ რაუნდში დავანოკაუტებ, თუმცა საკუთარ თავს წნეხის ქვეშ არ ვაქცევ. თუ ეს არ მოხდა, 5 რაუნდისთვის მზად ვარ. ჩემი მიზანი მეტოქის მოკვლაა და სიკვდილს არ ვაპირებ. რა არის ჩემი მთავარი იარაღი ვოლკთან? სიმართლე გითხრათ, ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ. იქნება ეს სტრაიკინგი, ჭიდაობა თუ გრეპლინგი. თანაც, ვოლკანოვსკი ძალით არ გამოირჩევა და ბევრი მეტოქე არ დაუნოკაუტებია, არც საბმიშენის მცდელობები ჰქონია. მისნაირ მებრძოლთან ჩხუბი ბევრად მარტივია, რადგან შეგიძლია, მეტი შეცდომა დაუშვა და არ დაისაჯო. ჯოშ ემეტთან ასე არ იყო, რადგან ერთი შეცდომა და დაიძინებდი”.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა UFC 298-ზე, აშშ-ის ქალაქ ანაჰეიმში 18 თებერვალს, საქართველოს დროით 07:00 საათიდან გაიმართება.