„ლოვატო ითამაშებს თუ საზონოვი?“ | ივან იურიჩის პასუხი
„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და „ლეჩესთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. იურიჩს ჰკითხეს, ცენტრალური მცველი მატეო ლოვატო იქნება თუ საბა საზონოვი და ხორვატმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არჩევანს ხვალ გააკეთებს.
„ალესანდრო ბუონჯორნოს ჩანაცვლება მარტივი არაა. ბოლო შეხვედრაში სამუშაოს შესრულება საკუთარ თავზე ლოვატომ აიღო. საზონოვი პროგრესირებს. ამ კვირაში, ორივე ფეხბურთელმა კარგად იმუშავა და ხვალ გადავწყვეტ, ვინ დავაყენო“.
შეგახსენებთ, რომ ბუონჯორნოს არყოფნის გამო, საზონოვმა „სალერნიტანასთან“ იასპარეზა და მოედანზე 80 წუთი გაატარა. როგორც აღმოჩნდა, იურიჩი მისი თამაშით კმაყოფილი არ დარჩენილა და „სასუოლოსთან“ მატჩში ძირითადში ლოვატო გამოიყვანა.
ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ, „ტორინოს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „ლეჩესთან“ მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება.