მედია: ხვიჩა კვარაცხელიასთვის ზაფხულში ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში ორი ევროპული გრანდის სამიზნე იქნება.
ავტორიტეტული გამოცემა Eurosport-ი წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ კილიან მბაპეს შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ქართველ ფეხბურთელს განიხილავს.
რა წერია სტატიაში:
ზაფხულში პარიზელებისთვის გეგმა A კილიან მბაპეს შენარჩუნება იქნება. ნასერ ალ-ხელაიფი ფრანგი ფეხბურთელის დასატოვებლად ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, თუ მბაპე გუნდიდან წასვლას მაინც გადაწყვეტს, მაშინ პსჟ გეგმა B-ს აამოქმედებს. პარიზელთა ყურადღების ცენტრში სერია A-ს სამი ფეხბურთელი არის მოქცეული - ვიქტორ ოსიმენი, რაფაელ ლეაუ და ხვიჩა კვარაცხელია. შესაძლოა, ისინი კილიან მბაპეს სტანდარტის ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ დიდი პოტენციალით ნამდვილად გამოირჩევიან.
რაც შეეხება მეორე გუნდს, კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსელონა“ ქართველ ფეხბურთელს ამ დრომდე აქტიურად აკვირდება და გარდამტეხი მომენტი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირება იყოს, რომელშიც ერთმანეთს „ნაპოლი“ და „ბარსელონა“ შეხვდებიან.
„ზაფხულში „ბლაუგრანამ“ მარკეტინგული თვალსაზრისით შესაძლოა გარდამტეხი ნაბიჯები გადადგას. ამ ეტაპზე გამოკვეთილია ორი კანდიდატურა - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ და გაბრიელ მარტინელი „არსენალიდან“. სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს რამდენიმე შემტევი დატოვებს და „ბარსელონას“ მიზანი ისეთი ფეხბურთელის მოყვანაა, რომელიც ეფექტური დრიბლინგით და დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას მომდევნო მეტოქე იქნება და ამ თამაშზე ბევრი იქნება დამოკიდებული“, - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება 21 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება, საპასუხო მატჩი კი კატალონიაში 12 მარტს ჩატარდება.