ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. სეხუდოსთან რთული ბრძოლა მელის“ - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოსთან ბრძოლამდე 2 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მერაბ დვალიშვილი:

ჩემთვის დიდი ბრძოლაა, მაგრამ იგრძნობა ისე, თითქოს ნორმალური, ჩვეულებრივი ბრძოლა იყოს. ჰენრი სეხუდოს სახით დიდი გამოწვევა მელის. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და ყველა ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი UFC-ში, სადაც ყველა ბრძოლა ერთმანეთზე მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ჰენრის მოტივაციის პრობლემა არ ექნება, რადგან თუ დამამარცხებს, სატიტულო ბრძოლას მიიღებს. ის ჩემპიონი იყო, მოგვიანებით კი დიდებულ ალჯამეინ სტერლინგთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. მას კარგი სახელი აქვს, ძლიერი მებრძოლია. თუ წააგებს, დიდი ხნით ნომერ პირველი კონდენტერის სტატუსს ვეღარ მიიღებს, ამას დიდი დრო სჭირდება. მას ჰყავს ოჯახი, აქვს ფული და არ მგონია, რომ ბრძოლები კიდევ უნდოდეს. ვფიქრობ, თუ დამარცხდება კარიერის დასრულება ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იქნება. მას ახლა დასაკარგი არაფერი აქვს და მენტალურად ეს მასზე კარგად იმოქმედებს, რის გამოც უფრო სახიფათო ხდება. ვიცი, რომ ამ ბრძოლის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს და ვგრძნობ, თუ როგორი მშიერია. მაგრამ მეც არ ვარ ნაკლები განწყობით, იმიტომ რომ არასდროს მიმიღია ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა და როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს.

ჰენრისთან თითოეული რაუნდი ჩემთვის რთული იქნება. რომ ყოფილიყო 5-რაუნდიანი ბრძოლა, ვიტყოდი, რომ მეოთხე და მეხუთე რაუნდებში უფრო კომფორტულად ვიქნებოდი, მაგრამ 3-რაუნდიან ბრძოლაში ჰენრი უფრო სახიფათო იქნება, ნებისმიერ წამს. მენტალურად ძლიერია, იცის, რომ აუცილებლად უნდა მომიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დასრულდება. მსგავსი სიტუაცია იყო ჟოზე ალდოს შემთხვევაშიც. ჩემთან ბრძოლას სამმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა და თუ დამამარცხებდა, სატიტულო ბრძოლისკენ წავიდოდა. თუმცა, მე დავამარცხე და მაშინვე კარიერა დაასრულა. არ მგონია, რომ ჰენრისაც მსგავსი რამ უნდოდეს.

რამდენ თეიქდაუნს გავუკეთებ ოლიმპიურ ჩემპიონს 15 წუთში? ამაზე ფოკუსირებული არ ვარ. ის ნამდვილად ჩემზე უკეთესი მოჭიდავეა, მას ხომ ოლიმპიური ოქრო აქვს? დარწმუნებული ვარ, თუ ვიჭიდავებთ, ჭიდაობის წესებით დამამარცხებს, მაგრამ MMA-ში ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას გავუწევ. ჩემი მიზანი გამარჯვებაა და არა მისი მიწაზე გადაყვანა.

ალჯომ კარგი რჩევები მომცა. მითხრა - „გააკეთე შენი საქმე, აჩვენე შენი სტილი. ჰენრი კარგი მებრძოლია, სახიფათო, შეუძლია კარგი თეიქდაუნები, მაგრამ უბრალოდ აჩვენე შენი სტილი.“ რა თქმა უნდა, მისი მხარდაჭერა ძალიან მეხმარება. ამ ბრძოლისთვის განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ. რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად ვემზადები და აქცენტს საკუთარ თავზე ვაკეთებ. რაღაც, სპეციფიკური სამზადისი არ მქონია. უბრალოდ, ვეცადე, რომ საკუთარი თავი უფრო გამეუმჯობესებინა. გავაკეთებ იმას, რაც საუკეთესოდ გამომდის, ბოლომდე ვიბრძოლებ.

ჩემი და ილიას ერთობლივი ბრძოლა? ნამდვილად, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. დიდი ამბავია ქართველი ხალხისთვისაც. ილია თოფურია ქამრისთვის იბრძოლებს, მე კი ნომერ პირველი კანდიდატობისთვის. მთელი საქართველო ნერვიულობს, ხალხის დიდი ნაწილი ბრძოლის საყურებლად სტადიონზე მიდის. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები კი აქ, დარბაზში მოდიან. ასევე, ხალხი სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდის. მე და ილია ერთმანეთის გამო ბედნიერები ვართ. მიხარია ჩემი ძმის გამო, მან ეს ბრძოლა დაიმსახურა. მძიმე შრომამ შედეგი გამოიღო. ის ძალიან ჭკვიანია, ყველაფერს იდეალურად უწევს ორგანიზებას, როგორც საწვრთნელ შეკრებას, ისე ჩხუბს. საკმაოდ ჭკვიანი, ძლიერი და მშრომელია. რაც შემეხება მე, ეს ჩემთვის მორიგი გამოწვევა იქნება. ვფიქრობ, სატიტულო ბრძოლა დავიმსახურე და დარწმუნებული ვარ, რომ დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს და ეს გამოწვევას არ მჭირდებოდა, რადგან ისედაც პირველი კონტენდერი ვიყავი, მაგრამ ესაა, რაცაა. ამის გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებდი. კონტრაქტი გავაფორმე და ახლა ჰენრი სეხუდოსთან ვიბრძოლებ. დანარჩენზე კი ამის შემდეგ ვისაუბროთ.

ბოლოს ქართულად ვიტყვი. გენაცვალეთ, ქართველებო. ძალიან ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. ეს საღამო აუცილებლად უნდა იყოს ჩემი და ილიას გამარჯვების დღე და ჩვენი ერთობლივად ზეიმის დღე. ამისთვის მეც და ილიაც ყველაფერს გავაკეთებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ორთაბრძოლა UFC 298-ზე, თბილისის დროით 18 თებერვალს, 07:00 საათიდან აშშ-ის ქალაქ ანაჰეიმში გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას ილია თოფურია ჩაატარებს, რომლის მეტოქეც ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე
„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე