დინამო ბათუმმა 25 წლის ალბანელი ფეხბურთელი დაიმატა
Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო ბათუმმა“ ალბანელი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აჭარლებმა უერდი მარა გაიფორმეს, რომელიც 25 წლის ნახევარმცველია.
მარას კარიერა „სკენდერბეუს“ აკადემიაში დაიწყო და პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა სწორედ ამ კლუბის მაისურით ჩაატარა. „სკენდერბეუს“ რიგებში მან 110 მატჩი გამართა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.
2016 წლის 24 მაისს, მარა იტალიის სერია A-ს „უდინეზეს“ დუბლშემადგენლობაში მიიწვიეს და გუნდის სახელით ხორვატიის ქალაქ რიეკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა. 2023 წლის იანვარში კი მარა სეზონის ბოლომდე იჯარით ბულგარულ კლუბ „ბეროეში“ გადავიდა. ალბანელ ფეხბურთელს თურქეთის რანგით მეორე დივიზიონში, ლიგა 1-შიც უთამაშია და „ანკარა კეჩიორენგუჯუს“ ღირსებას იცავდა.
მარა 2015 წელს ალბანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და იტალიის თანატოლთა წინააღმდეგ ითამაშა. შემდეგ გამოიძახეს ავსტრიაში ამხანაგურ ტურნირზე მექსიკის, ავსტრიისა და ბრაზილიის წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.