მეტოქე უშანსოდ დაამარცხა - ლომაძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა შორის იური ლომაძემ (77 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატი ანტონიო კამენიასევიჩი 8:0 დაამარცხა.
ასევე გეტყვით, რომ იური ლომაძე (77 კგ.) მერვედფინალში დამარცხდა, თუმცა ვისთანაც წააგო ფინალში გავიდა და ამიტომ ქართველმა მოჭიდავემ რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ იური ლომაძის პირველი კომენტარი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
55 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმია აზერბაიჯანელ რაშად მამადოვთან 1:5 დამარცხდა. პირველი პერიოდი ქართველმა მოიგო (1:0), მეორე პერიოდი - აზერბაიჯანელმა (0:5). შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, თუმცა რუმინელმა დენის ფლორინ მიჰაიმ 9:0 დაამარცხა.
130 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში იაკობ ქაჯაია რუს სერგეი სემიონოვთან 1:2 დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა, თუმცა წარუმატებელი იყო, იტალიის სახელით მოასპარეზე დანილა სოტნიკოვმა მოუგო (9:3).
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრების მხრიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ინარჩუნებენ. ისინი შეხვედრებს 14 თებერვალს გამართავენ.