გოდერძი ბერდელიძე, რამინი შამილიშვილი, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

ორი ვერცხლი - რამინი შამილიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატმა.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს 55 კგ. წონით კატეგორიაში რამინი შამილიშვილი და გოდერძი ბერდელიძე წარდგნენ.

რამინი შამილიშვილმა ატაცში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ძალოსანმა 106, 109 და 111 კილოგრამები დააფიქსირა და პირველ ადგილზე გასულ თურქ ძალოსანს ერთი კილოგრამით ჩამორჩა.

შამილიშვილმა აკვრაში ასპარეზობა 126 კილოგრამით დაიწყო, რომელიც დამაჯერებლად დაძლია. წარმატებული იყო მეორე ცდაც, რაც 130 კილოგრამს შეადგენდა, სამწუხაროდ, ქართველმა ძალოსანმა მესამე ცდაზე 134 კილოგრამი ვერ დაძლია და ამ კატეგორიაში ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა. ორჭიდის ჯამში რამინ შამილიშვილმა 241 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გასვლით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება გოდერძი ბერდელიძეს, ქართველმა ძალოსანმა ატაცი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ბერდელიძემ 3-დან 1 ცდა გამოიყენა და მხოლოდ 107 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო.

ბერდელიძემ აკვრაში პირველ და მეორე ცდაზე 123 კგ. გააფუჭა, თუმცა, მესამე ცდაზე მაინც შეძლო ამ წონის დაფიქსირება და საბოლოოდ, კატეგორიაში მე-8 ადგილი დაიკავა. გოდერძი ბერდელიძემ ორჭიდის ჯამში 230 კგ. დააგროვა და ასპარეზობა მე-6 ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი იასპარეზებს. თბილისის დროით 22:00 საათიდან, ფიცარნაგზე 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძეს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები