„ტაპურიზე ყველაფერი სიმართლე თქვი“ | ევლოევი იაირ როდრიგესის განცხადებას გამოეხმაურა
UFC-ის რუსი მებრძოლი, მოვსარ ევლოევი იაირ როდრიგესის მიერ ილია თოფურიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ელ პანტერამ“ „ელ მატადორს“ ილუზიებში მყოფი მებრძოლი უწოდა და განაცხადა, რომ საჩემპიონო ჩხუბში, ალექსანდრ ვოლკანოვსკი მას მეორე რაუნდში დააფინიშებს.
ევლოევი როდრიგესის პოზიციას იზიარებს, მაგრამ მას ერთ რამეში არ ეთანხმება: „ტაპურიზე (ილია თოფურიას ასე მოიხსენიებს) რაც თქვი, ყველაფერი სწორია. ერთადერთი, რაშიც არასწორი ხარ, ისაა, რომ ქამრისთვის ბრძოლის რიგში შემდეგი მე ვარ. შენ უკვე გქონდა შანსი...“
Your take on Tapuri is on point, @panteraufc. One thing you did get wrong though! I’m next for the belt; you already had your chance… https://t.co/W34Il3vwuH
— Movsar Evloev (@MovsarUFC) February 13, 2024
„ელ პანტერა“ MMA-ის ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და თოფურიასთან ჩხუბის სურვილიც გამოთქვა. როდრიგესის თქმით, ვოლკანოვსკისთან ილიას შანსი არ აქვს და ალექსთან წაგებული ჩხუბით მისი კარიერაც დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ როდრიგესსა და თოფურიას ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ და სოციალურ ქსელებში დაპირისპირება რამდენჯერმე მოუვიდათ. „ელ პანტერამ“ მას ჯუჯა უწოდა, „ელ მატადორმა“ კი განაცხადა, რომ ვოლკანოვსკიმ როდრიგესი ჩვარივით ათრია.