„ყველაზე კარგად ფლანგზე გამოიყურება“ | ჩირო ფერარა კვარას ახალ პოზიციაზე
„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჩირო ფერარამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფერარამ კომენტარი „მილანთან“ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 0:1 წააგო და „კვარას“ ახალ პოზიციასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
„ვალტერ მაცარის ტაქტიკური იდეების გარდა, მნიშვნელოვანია, ცვლილებები ფეხბურთელებმაც შეიგრძნონ და გაითავისონ. ამ მომენტისთვის, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არ იციან, რა გზით მიდიან.
კვარაცხელიას პოზიცია? პირადად მე, მიმაჩნია, რომ ის კარგი გარემარბია. ეპიზოდში, როცა სიმეონეს საგოლე მომენტი შეექმნა, ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე იყო და ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა. კვარაცხელიას სჭირდება ცენტრფორვარდი, რომელმაც იცის, სიღრმეებს ხშირად როგორ შეუტიოს და ეს ხვიჩას სივრცეებს გაუჩენს. სიმართლე გითხრათ, კვარა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, საუკეთესოდ ფლანგზე გამოიყურება, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ხაზებს შორის სათამაშოდ საჭირო ხარისხიც აქვს. ყველაფერი მეტოქე გუნდზეა დამოკიდებული“.
შეგახსენებთ, რომ „როსონერისთან“ მატჩში, ვალტერ მაცარიმ „კვარას“ პოზიცია შეუცვალა და ქართველი შემტევი მარცხენა გარემარბის ნაცვლად, ცენტრალურ ნაწილში, ჯოვანი სიმეონეს უკან მოქმედებდა.