„ილუზიებშია, ვოლკი მაგრად სცემს და მისი კარიერა დასრულდება“ | იაირი ილიაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, იაირ როდრიგესმა, რომელიც UFC 290-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ელ პანტერამ“ განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ ილუზიებში იმყოფება და UFC 298-ზე გასამართი საჩემპიონო ბრძოლა „ვოლკის“ გამარჯვებით დასრულდება.
„ალექსის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით წაგებული ბრძოლის შემდეგ, ცოტათი გრძელ პაუზას ავიღებდი. მიუხედავად ამისა, არ მგონია, ჩემპიონი დამარცხდეს და მჯერა, ვოლკანოვსკი თოფურიას მოუგებს. ერთადერთი ვარიანტი, რომ ილიამ გაიმარჯვოს, გახლავთ ის, რომ ვოლკი მენტალურად 100 პროცენტით მზად არ იყოს, რადგან არავინ იცის, რა მოხდა, როცა მახაჩევმა დაანოკაუტა. შეიძლება, ტკივილისადმი ამტანობა შეუმცირდა ან რამე მსგავსი, თოფურია კი ძლიერი დარტყმებით გამოირჩევა. უამრავი ფაქტორი არსებობს, რასაც მებრძოლზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ერთადერთია, რასაც გავლენის მოხდენა ვოლკანოვსკისნაირ მებრძოლზე შეუძლია.
ალექსი ძალიან ძლიერი და თოფურიაზე ბევრად უკეთესია და მჯერა, გაიმარჯვებს. არის კომპონენტი, რაშიც ილიას უპირატესობა აქვს? არა! მან სატიტულო ჩხუბი იოლი გზით მიიღო. მე და სხვა მებრძოლები ურთულეს გზას გავდივართ და ნამდვილ მეომრებსა და ლომებს ვხვდებით, ამ ბიჭს კი UFC-იმ საქმე გაუმარტივა. რატომ მისცეს შანსი ჩემთან, მაქსთან ან ორტეგასთან ბრძოლის გარეშე? მარკეტინგი, მარკეტინგი და მარკეტინგი. ბინძურ საუბარს არ ერიდება და ეს ჩხუბისადმი ინტერესს ზრდის. სამწუხაროა, მაგრამ ილიასნაირი ბიჭები მნიშვნელოვან ჩხუბებს გრძელი ენის გამო იღებენ და არა ძლიერი მეტოქეების დამარცხების გამო.
სიმართლე გითხრათ, მათი ბრძოლის შედეგის მიუხედავად, მინდა, თოფურიასთან ვიჩხუბო და მაგრად ვცემო. ილია ილუზიებში იმყოფება და იმ სამყაროშიც კი არ ცხოვრობს, რომელშიც ჩვენ ვართ. საერთოდ სხვა პლანეტაზეა. ვფიქრობ, საქმის პირველ ნაწილს ვოლკანოვსკი მოაგვარებს და სახეს დაუნგრევს, რის შემდეგაც, ილიას საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევს.
ალექსი მას ტექნიკური ნოკაუტით მოუგებს და მეორე რაუნდში დააფინიშებს. გარწმუნებთ, რომ ვოლკთან ჩხუბის შემდეგ, თოფურია ყველას დასაცინი ობიექტი გახდება. ვოლკანოვსკისთან ბრძოლის შემდეგ, მისი კარიერა დასრულდება და ხალხი მასხრად აიგდებს. ილიას ესპანეთში სიამოვნებით ვეჩხუხებოდი, რადგან მინდა, მისსავე სახლში გავანადგურო“.
შეგახსენებთ, რომ როდრიგესსა და თოფურიას ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ და სოციალურ ქსელებში დაპირისპირება რამდენჯერმე მოუვიდათ. „ელ პანტერამ“ მას ჯუჯა უწოდა, „ელ მატადორმა“ კი განაცხადა, რომ ვოლკანოვსკიმ როდრიგესი ჩვარივით ათრია.