სანდრო მამუკელაშვილი, ჯერემი სოხანი, დევინ ვესელი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიამას ისტორიული მატჩი | მამუკელაშვილმა 6 წუთი ითამაშა და 2 ქულა ჰქონდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ 7-მატჩიან მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა წარმატებას „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ, სტუმრად გამართულ შეხვედრაში მიაღწია და 122:99 მოიგო.

„სან ანტონიოს“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ვიქტორ ვემბანიამამ შეიტანა, რომელსაც ისტორიული საღამო ჰქონდა. ვემბანიამამ პარკეტზე თითქმის 29 წუთი გაატარა და სამმაგი დუბლი დაფარებებით გაიფორმა, რაც დიდი იშვიათობაა - 27 ქულა, 14 მოხსნა, 10 დაფარება, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა. ვემბანიამა NBA-ის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელია, რომელმაც მატჩი მინიმუმ 25 ქულით, 10 მოხსნით, 10 დაფარებითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მის გარდა ეს მხოლოდ ჰაკიმ ოლაჯუვონს, კარიმ აბდულ-ჯაბარს, რალფ სემფსონსა და დევიდ რობინსონს გაუკეთებიათ.

ვემბანიამა მეოთხე ახალბედაა, რომელმაც სამმაგი დუბლი ბლოკებით გააკეთა (მარკ იტონი, რალფ სემფსონი, დევიდ რობინსონი) და ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც შეხვედრაში მინიმუმ 25 ქულა, 10 დაფარება და 2 სამქულიანი ჰქონია. აღსანიშნავია, რომ „ვემბის“ ტრიპლ დაბლის გასაფორმებლად 30 წუთიც არ დასჭირდა, რაც საოცარი შედეგია. ფრანგი ცენტრის გარდა, „სან ანტონიოს“ მაისურით დევინ ვესელი გამოირჩა - 25 ქულა, 6 ასისტი, ჯერემი სოხანის ანგარიშზე 16 ქულა იყო. „ტორონტოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 18 ქულა გრეიდი დიქმა ჩააგდო, კელი ოლინიკს 17 ქულა ჰქონდა.

მამუკელაშვილს რაც შეეხება, სანდრო პარკეტზე მატჩის ბოლოსკენ გამოჩნდა და 6 წუთი და 18 წამი ითამაშა. მის ანგარიშზე 2 ქულა და 2 მოხსნა იყო (1 მეტოქის ფარზე). „მამუმ“ ორქულიანი ჯარიმით ჩააგდო, მაგრამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. სანდროს 1 ფოლი და გაფუჭებული სამქულიანიც ჰქონდა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 11 მოგება და 43 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ. „სპურსის“ მომდევნო მეტოქე „დალას მავერიქსია“, რომელსაც 15 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას მთავარი პრობლემა ესაა...“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
„კვარაცხელიას მთავარი პრობლემა ესაა...“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი