იაკობ ქაჯაია, ნუგზარ წურწუმია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: წურწუმია და ქაჯაია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმია ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რაშად მამადოვს შეხვდა და სამწუხაროდ 5:1 დამარცხდა. შესაბამისად, წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა ფალავანმა პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მეორე პერიოდში კი მეტოქისგან 5 უპასუხო ქულა გაუშვა.

დღესვე, ნახევარფინალში 130 კგ. წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამაც იასპარეზა. ქართველი მძიმეწონოსანი რუს სერგეი სემიონოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.

ქაჯაიამ პირველი პერიოდი 0:2 დათმო, მეორე პერიოდში კი გააქტიურდა, თუმცა, მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ პირველ საშეჯიბრო დღეს ტურნირზე ლერი აბულაძემ (63 კგ.) და აჩიკო ბოლქვაძემ იასპარეზეს, რომლებიც გათამაშებას 1/4 ფინალში გამოეთიშნენ, იური ლომაძე (77 კგ.) კი 1/8 ფინალში დამარცხდა, თუმცა, მეტოქე, ვისთანაც წააგო ფინალში გავიდა და შესაბამისად, ქართველმა მოჭიდავემ რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური ბლოკი ხვალ, საქართველოს დროით 20:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები