“არ გვეშინია“ - მარკო როზე რეალთან მატჩის წინ
საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალისა“ და „ლაიპციგის“ დაპირისპირებით უბრუნდება.
მატჩის წინ, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა როზემ?
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვეშინია! მოუთმენლად ველოდები მეტოქეს, დავალებებს და სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს. სწორედ ამ ყველაფრისთვის ვიმუშავეთ გასულ სეზონში და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.
მადრიდის „რეალი“ ამ სეზონში საოცრად განვითარდა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად იქცა. ისინი ყველა ასპექტში დიდებულ ფორმაში იმყოფებიან. მათ იციან რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და მისი მოგებაც.
კარგად ვიცი მათი თვისებების შესახებ და ამავდროულად ჩვენ ცუდი გუნდი არ ვართ. „ლაიპციგში“ ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ. ყველაფერს გავცემთ და ვეცდებით, რომ კარგი დასაწყისი გვქონდეს.“
შეგახსენებთ, რომ „ლაიპციგისა“ და „სამეფო კლუბის“ მომავალი მატჩი 13 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.