“სირცხვილია“ - ჩავი გრანადასთან მატჩის შემდეგ
ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „გრანადას“ უმასპინძლა და მორიგი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. თამაშის შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ჩავიმ?
„ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა. „გრანადამ“ ინტელექტუალური ფეხბურთი ითამაშა და ბევრი დუელი მოიგო. მეტოქის ნახევარზე ხშირად ვდომინირებდით. ბევრი მომენტი გვქონდა და 2:0, რომ გაგვეხადა სულ სხვა სცენარს ვიხილავდით. დაცვაში დავუშვით შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაგვეშვა.
მადრიდის „რეალთან“ სხვაობა დიდია და ამის აღმოფხვრა რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩემს გუნდს გამბედაობა და რწმენა ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სირცხვილია, კარგი შესაძლებლობა იყო რბოლის გასაგრძელებლად, მაგრამ ყველაფერი უფრო რთული გახდა.“
შეგახსენებთ, რომ „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 51 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება.
„ბლაუგრანა“ პირველ ადგილზე მყოფ მადრიდის „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ „ჟირონასთან“ 5 ქულა აშორებს. შემდეგ ტურში ბარსა ვიგოს „სელტას“ ესტუმრება.