„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეი“ 0:1 დამარცხდა და შეხვედრის ერთადერთი გოლი ტეო ერნანდესმა გაიტანა. „როსონერისთან“ მატჩში, ვალტერ მაცარიმ „კვარას“ პოზიცია შეუცვალა და ქართველი შემტევი მარცხენა გარემარბის ნაცვლად, ცენტრალურ ნაწილში, ჯოვანი სიმეონეს უკან მოქმედებდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე შეკითხვა „როსონერის“ მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის დაუსვეს. იტალიელი სპეციალისტი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ „მილანი“ „ნაპოლის“ განლაგებას კარგად გაუმკლავდა.
„ბოლო პერიოდში მაცარი 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, ვერონასთან შეხვედრაში კი 4 მცველი გამოიყვანა და გამაკვირვა. არ ვიცოდი, რა სისტემას გამოიყენებდა და პირველ ნახევარში, როცა მათი განლაგება 3-5-2 იყო, თავისუფალი სივრცეები არ მივეცით. მეორე ტაიმში, როცა 4-3-3-ით თამაშობდნენ, უფრო სახიფათონი იყვნენ, მაგრამ ორივე ტაქტიკისთვის კარგად ვიყავით მომზადებული. ბოლოსკენ გარისკეს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია“.
ცნობისთვის, 24 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 35 ქულით მე-9 ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ „ატალანტას“ 7 ქულით ჩამორჩება, „მილანი“ კი 52 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ მიიღებს, „მილანი“ კი სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.