„წაგებას არ ვიმსახურებდით. კვარაზე სწორი არჩევანი გავაკეთე“ - მაცარი მილანთან მარცხის შემდეგ
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ განვლილი მატჩი DAZN-თან შეაფასა.
რა თქვა მაცარიმ:
შეტევაში ტეო ერნანდესის ჩართვა პროგნოზირებადი იყო, ამისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით და მეტი სიფრთხილე გვმართებდა. რომ არა ეს ეპიზოდი, შესაძლოა მილანს კარში დარტყმაც არ ჰქონოდა. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ უკეთეს ფორმაში ვართ. მეორე ტაიმში მილანს დიდი წნეხის გამო უკან დახევა მოუწია. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით.
იმედი მაქვს, ოსიმენი წაგებული ფინალის შემდეგ კარგად დაგვიბრუნდება. ანგისამ დღეს ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მას გარკვეული დრო სჭირდება, რომ დაბრუნების შემდეგ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ოსიმენი ძალიან გვჭირდება.
იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ამ სირთულეების მიუხედავად კარგად ვითამაშებთ. მალე შეგვეძლება სრული შემადგენლობის გამოყენება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ მომენტისთვის საუკეთესო მდგომარეობაში ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგაზე თუ დიდებულად ვითამაშებთ, ამით გასული წლის საჩემპიონო სეზონს გავაცოცხლებთ. დღესაც, თუ ტეოს გოლს არ ჩავთვლით, შესანიშნავად ვითამაშეთ.
კვარა სხვადასხვა სივრცეების პოვნას ცდილობს, რადგან მის მიმართ დაცვა ყოველთვის გასამმაგებულია. ვერონასთან ძალიან კარგი თამაშის შემდეგ, დღეს ის გაძარცვული ჩანდა. მას უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ. დღეს ის გარშემო გალიაში მომწყვდეულივით იყო და ყოველთვის მარტო გადახტომას ვერ შეძლებს. მისმა თანაგუნდელებმაც უნდა შეძლონ, რომ სწორ პოზიციაზე მოაქციონ, რათა უფრო მეტად კონცენტრირება შეძლოს. რაც შეეხება მის ახალ პოზიციას, ეს გასულ კვირასაც გავაკეთე და ეროვნულ ნაკრებშიც ასე თამაშობს. მისი იქ დაყენება სწორი იყო, ასე უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.
24 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 35 ქულით მე-9 ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ „ატალანტას“ 7 ქულით ჩამორჩება, „მილანი“ კი 52 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ მიიღებს, „მილანი“ კი სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.