„მხოლოდ ის ახერხებდა მილანის დაცვის შეშინებას“ - იტალიური მედიის შეფასება
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა, მოედანი სამწუხაროდ შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
რას წერენ სააგენტოები:
Sportmediaset – 7 ქულა: მთელი გუნდიდან მხოლოდ ის ახერხებდა მილანის დაცვის შეშინებას. თავისუფლად გადაადგილდებოდა სადაც უნდოდა და მისი შეკავება რთული იყო. როდესაც თავის პოზიციაზე გადავიდა, მაშინვე იპოვა კიაერი და ფლორენცი, რომლებმაც მისი შეჩერება ვერ შეძლეს. მას მხოლოდ გოლი დააკლდა და ცხადია, ეს ცოტა არაა.
Calciomercato – 6 ქულა: ახალ პოზიციაზე, მოედნის ცენტრში მეტოქისთვის უფრო არაპროგნოზირებადი იყო. ნაპოლი ცდილობდა მას გაჰყოლოდა. მართალია, დრიბლინგებს ხშირად არ გვთავაზობდა, მაგრამ საფრთხეებს მაინც ქმნიდა. აშკარაა, რომ გუნდში მარტოა. მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, თუმცა, მალევე დაიღალა.
Sport.Virgilio – 6.5 ქულა: პირველ ტაიმში ერთადერთი იყო, რომელიც თავისი აფეთქებებით მეტოქისთვის საფრთხის შექმნას ახერხებდა. მაგრამ ის უდაბნოში დარბოდა.
Calcionapoli1926 – 6 ქულა: ყველანაირად ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ საღამო მისი არ იყო. რა თქმა უნდა, მილანის დაცვისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო. მთელი გუნდის საკუთარი მხრებით თრევას ცდილობდა, თუმცა, თანაგუნდელები არ მიჰყვებოდნენ.
Tuttonapoli – 6.5 ქულა: გაბია ჩამოიცილა და მე-10 წუთზე სიმეონეს დიდებული პასი გაუკეთა. ის სისტემატურად იშორებდა ერთ ფეხბურთელს, მაგრამ ძირითადად უდაბნოში დარბოდა.
Eurosport – 6 ქულა: რეალურად, პირველ ტაიმში ერთადერთი იყო, ვინც მილანს დაუპირისპირდა. ყოველთვის ცდილობდა გაბრწყინებას, განათებას, რაღაცის შექმნას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ თავის გუნდელების მსგავსად გაქრა.
Calcionapoli24 – 6 ქულა: პოზიციური შეზღუდვებისგან გათავისუფლდა და უკვე 10 წუთში შეძლო მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნა, როდესაც გაბიას მკვეთრი დრიბლინგით გასცდა და ბურთი სიმეონეს მისცა. მე-40 წუთზე დაარტყა, თუმცა, ეს მისი არსებობის შეხსენებას ჰგავდა. 59-ე წუთზე აჩქარებით შექმნა სახიფათო ეპიზოდი, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ კუთხურით დასრულდა.
Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: ახალ პოზიციაზე მოგვევლინა. თამაში მარცხიდან დაიწყო, თუმცა, მთელ შეტევით ფრონტზე ის იყო. ერთადერთი იყო, რომელიც ნაპოლიდან შოკის შემოტანას ცდილობდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეორე ტაიმში 4-3-3-ზე გადასვლის დროს ჩვეულ როლს დაუბრუნდა.
24 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 35 ქულით მე-9 ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ „ატალანტას“ 7 ქულით ჩამორჩება, „მილანი“ კი 52 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ მიიღებს, „მილანი“ კი სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.