ისტორიაში მესამედ | კოტ დივუარი აფრიკის ეროვნებათა თასის ჩემპიონია
აფრიკის ეროვნებათა თასის რიგით 34-ე გათამაშების გამარჯვებული კოტ დ’ივუარის ნაკრები გახდა. კოტ დ’ივუარელებმა, რომლებიც ტურნირის მასპინძლები იყვნენ, ფინალურ შეხვედრაში ნიგერიის ნაკრები 2:1 დაამარცხეს და ეს ტიტული ისტორიაში მესამედ მოიგეს - 1992; 2015 და 2024.
იმის მიუხედავად, რომ „სპილოები“ მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში ნიგერიელებმა გახსნეს - 38-ე წუთზე უილიამ ტროსტ-ეკონგმა თავური დარტყმის შედეგად გაიტანა. გამოსარჩევია, რომ გამოცდილმა მცველმა ტურნირზე მე-3 გოლი შეაგდო და მათგან 2 კოტ დ’ივუარს გაუტანა (ჯგუფში ნიგერიამ, მისი გოლით, 1:0 მოიგო).
მეორე ნახევარში მასპინძლებმა დაწოლა გააძლიერეს, რაც ფრანკ კესის გოლში გარდაისახა. 81-ე წუთზე კი, ტიტულის მომტანი გოლი სებასტიან ალემ გაიტანა. ორივე გოლისას საგოლე გადაცემა სიმონ ადინგრას ანგარიშზეა.
საბოლოოდ, კოტ დ’ივუარელებმა შეხვედრა დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანეს და 2004 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა აფრიკის ეროვნებათა თასი მასპინძელი ქვეყნის ნაკრებმა მოიგო - მაშინ ეს ტუნისმა გააკეთა.
საინტერესოა, რომ კოტ დ’ივუარის ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპი არც ისე კარგად ჩაატარა, სულ 3 ქულა მოაგროვა და პლეი-ოფში გამსვლელ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანში ყველაზე უარესი შედეგი ჰქონდა.
გამოსარჩევი და იშვიათი ფაქტია, რომ ჩემპიონმა გუნდმა ტურნირის მიმდინარეობისას მწვრთნელი შეიცვალა. ჯგუფურ ეტაპზე გუნდს ფრანგი ჟან-ლუის გასეტი თავკაცობდა, პლეი-ოფიდან მოყოლებული კი - ემერს ფაე.
როგორც გითხარით, კოტ დ’ივუარმა აფრიკის ეროვნებათა თასი ისტორიაში მესამედ მოიგო და სწორედ ნიგერიას გაუთანაბრდა. მათზე უფრო მეტჯერ ჩემპიონობა განამ (4), კამერუნმა (5) და ეგვიპტემ (7) მოიპოვეს.
აფრიკის ეროვნებათა თასის მომდევნო გათამაშება 2025 წელს ჩატარდება და მისი მასპინძელი მაროკო იქნება, 2027 წლის ჩემპიონატს კი სამი ქვეყანა - კენია, ტანზანია და უგანდა უმასპინძლებს.