„დიდებული იყო!“ - ორლანდოს მწვრთნელი ბითაძეზე
NBA-ს მორიგ ტურში, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში, 114:108 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მცირე სათამაშო დრო მიიღო და მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბითაძემ დამატებითი დრო თითქმის მთლიანად ითამაშა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა და მისი თამაში შეაქო.
რა თქვა ჯამალ მოსლიმ:
მისით და ჩვენი მწვრთნელებით ამაყი ვარ. ისინი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. გოგა ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა ხდებოდეს დაუჯერებელი თანაგუნდელია. მან ივარჯიშა და დღეს დილით სათამაშოდ მზად იყო. მწვრთნელებმა კონკრეტული სათამაშო გეგმა შეადგინეს და მან ეს შესანიშნავად შეასრულა. მან დიდებული საქმეები აკეთა - ფლობდა ბურთს, შეტევაში მოხსნები, დაფარებული სროლები და შესანიშნავი სქრინები. ყველაფერი, რაც მისი შესაძლებლობების შესახებ ვიცი, ამაღამ გააკეთა. დღევანდელ შეხვედრაში მისი შესვლა სწორედ ის ცვლილება იყო, რაც მოსაგებად გვჭირდებოდა.
53 ტურის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 29 მოგებითა და 24 მარცხით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ოკლაჰომას წინააღმდეგ გამართავს.