ომალის მწვრთნელი: „ილიას და შონის ბრძოლა კარგი სანახაობა იქნება“
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა MMA Hour-ზე სტუმრობის დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. უელჩმა „მატადორს“ საბრძოლო სტილი მოუწონა და აღნიშნა, რომ მისი და შონ ომალის ბრძოლა იდეალური სანახაობა იქნება.
რას ამბობს უელჩი:
ვის არ სურს ამ ბრძოლის ნახვა? ეს ნამდვილად საოცარი ბრძოლა იქნება. ილია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია. ის ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მებრძოლია, საკმაოდ ხმამაღალი, თუმცა, ის მხოლოდ თავის კრივს უყურებს. მაგრამ როდესაც მათ ერთ ოთახში ვხედავ, ჩანს, რომ ის არ არის ომალიზე დიდი. ილია საკმაოდ თავდაჯერებული ბიჭია, რომელსაც ფართო პოზიცია აქვს, მისი თავდაჯერებულობა და გამბედაობა მართლაც უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ომალი თავისი კარიერის განმავლობაში არაერთ ასეთ მოკრივეს შეხვედრია. ასეთი თავდაჯერებული მოკრივეები ყოველთვის ცდილობენ, რომ თავისი დარტყმებით პირველივე წუთებიდან უპირატესობა მოიპოვონ. შონისთვის ეს კარგი ბრძოლა იქნება, რომელსაც თავს იდეალურად გაართმევს და დაანოკაუტებს.
როგორც ჩანს, ჯერ ილიას ეს ბრძოლა არ აინტერესებს და საინტერესოა რატომ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით მისთვის იქნება დიდებული. ის კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ შეძლებს 185 ფუნტში ასვლას? ეს სიგიჟეა და რეალური საერთოდ არ ჩანს. მისი და ომალის ბრძოლა ნამდვილად საინტერესო იქნება. იმ ადამიანებს კი, რომლებიც შონზე ამბობენ, რომ სულელია და ილია მას მოკლავს, ვეტყვი რომ პიოტრ იანი და ალჯამეინ სტერლინგი გაიხსენონ. მათთან ბრძოლების წინ ხალხი იმავეს იძახდა, თუმცა, შონმა ორივე დაამარცხა.
რაც შეეხება ილიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლას, მას ვურჩევდი, რომ სწორი სპარინგ პარტნიორი ნახოს. ხალხმა იხილა, როგორც ურტყამდა ვოლკანოვსკი ფეხებს მაქს ჰოლოუეის. მას უყვარს ფეხებით დაჭერა, ილიას დგომი კი გვერდულია, რომელიც გრძელი კრივის პოზიციაა. თუმცა, ილია ისეთი ძლიერი დამრტყმელია, რომ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შანსი ექნება. მაგრამ მგონია, რომ ვოლკის გამარჯვების უფრო დიდი შანსი აქვს.
იბრძოლებს თუ არა ომალი ორი წონის ჩემპიონობაზე? რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. აუცილებლად მოხდება კორი სენდჰეგენთან ბრძოლა, ასევე მერაბთან. თუ მერაბი ჰენრის დაამარცხებს, მაშინ მისი და შონის ბრძოლა აუცილებლად მოხდება. თუ პირიქით, ჰენრი გაიმარჯვებს, მაშინ სეხუდო და ომალი იბრძოლებენ. ამ საკითხებს ზედმეტად არ ვეხები, მაგრამ ვიცი, რომ შონს დიდი ბრძოლები უნდა.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად შონ ომალი მარლონ „ჩიტო“ ვერას შეხვდება. მანამდე კი 17 თებერვალს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება, მერაბ დვალიშვილი კი ჰენრი სეხუდოს შეხვდება.